- კულტურა - როგორც კაცობრიობის უნივერსალური მახასიათებელი
- გულისხმობს, რომ კულტურა არის Homo sapiens-ის, როგორც ბიოლოგიური სახეობისა და სოციალური არსების უნიკალური უნარის შედეგი. სწორედ ამ ნიშნით განსხვავდება ეს სახეობა ყველა სხვა ბიოლოგიური არსებისაგან. ადამიანში გენეტიკურადაა (ბიოლოგიურადაა) დეტერმინირებული პოტენცია - იყოს კულტურის შემოქმედი, კვლავმწარმოებელი და გადამცემი, მაგრამ ამ პოტენციის რეალიზება მხოლოდ სოციალურ გარემოშია შესაძლებელი, რაც აუცილებელ პირობად ითხოვს კავშირს წინა თაობებიდან გადმოცემული სოციალური ცხოვრების გამოცდილებასთან და მთლიანად დამოკიდებულია სოციალიზაციის პროცესზე. როგორც რ. ბენედიქტი აღნიშნავდა, „კულტურა არ ეძლევა ადამიანს დაბადებიდან, არ არის ჩადებული ჩანასახოვან უჯრედებში როგორც კრაზანებთან ან ჭიანჭველებთან, არამედ ათვისებული უნდა იქნეს ყოველი ახალი თაობის მიერ უფროსთაგან შესწავლის გზით“. ანთროპოლოგ ე. ჰიობელის განსაზღვრებით, კულტურა არის „ინტეგრირებული სისტემა ქცევის შესწავლილი მოდელებისა, რომლებიც დამახასიათებელია საზოგადოების წევრთათვის და რომლებიც არ წარმოადგენენ ბიოლოგიური მემკვიდრეობის შედეგს“. ე. ტაილორი ხაზს უსვამს კულტურის სოციალურ ბუნებას. მისი სიტყვებით, „კულტურა შედგება ცოდნის, რწმენა-წარმოდგენების, ხელოვნების, ზნეობის, კანონების, ზნე-ჩვეულებებისა და ზოგი სხვა უნარ-ჩვევისგან, რომლებიც შეძენილია ადამიანის როგორც საზოგადოების წევრის მიერ“. კულტურა შეიძლება მივიჩნიოთ ასევე ღირებულებათა, ქცევის ნორმათა და სტანდარტთა ერთობლიობად, რომელიც არეგულირებს ადამიანთა ურთიერთობებს ერთმანეთთან, საზოგადოებასა და ბუნებასთან. ფართო აზრით, კულტურის ცნება „ხაზს უსვამს ადამიანის განსხვავებას ყველა სხვა ბიოლოგიური არსებისაგან. კულტურაში იგულისხმება არა ცალკეული შემოქმედებითი აქტი, არამედ შემოქმედება როგორც ადამიანის უნივერსალური დამოკიდებულება სამყაროსადმი, რომლის მეშვეობით იგი ქმნის „ახალ სამყაროს“ და საკუთარ თავს“. კულტურა რის ყოველივე ის, რაც სოციალური მემკვიდრეობის შედეგია და რაც უზრუნველყოფს სოციალური გამოცდილების მემკვიდრეობითობას.Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
Georgian encyclopedia. 2013.